ქართველი მოგზაურები

მსოფლიოს მოგზაურთა გალერეას არაერთი ჩვენი თანამემამულე უნდა ამშვენებდეს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ სახელებს, მიზეზთა გამო, აღიარება არ ჰქონია. ან როგორ ექნებოდა, როცა მათი მოგზაურობების ამბები სათანადოდ არ გახმაურებულა და ჩვენთანაც კი ბევრისთვის უცნობია. არადა, ისინი ტოლს არ უდებდნენ თავიანთ თანამედროვე უცხოელ მოგზაურებს და ზოგჯერ აჭარბებდნენ კიდეც.

ერთ-ერთი ასეთი გახლდათ თამარ მეფის მდივანი ჩახრუხაძე, რომელმაც 1193-1203 წლებში თავისი დროისთვის ცნობილ სამივე კონტინენტზე: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობისას მან ევროპელთაგან პირველმა მოინახულა არაერთი ქვეყანა თუ ქალაქი და როგორც თავადვე გვაუწყებს, “არვისად სწორად წავიდის შორად, ინდოეთს იყვის მისი საზღვარი”. ასე შორს მანამდე არავინ გადგომია გზას, მაგრამ ჩახრუხაძემ მოგზაურობის “საზღვარი” ინდოეთის კიდეზე როდი გაავლო. იქიდან მან ჩინეთისკენ გააგრძელა გზა, მოინახულა პეკინი, გადავიდა მონღოლეთში, იყო ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში, იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან შავ ზღვას დაუყვა, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით გაეცნო საბერძნეთს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ქვეყნებს; იქიდან წითელ ზღვას შემოუარა, მიაღწია მექას, ბასრას, ბაღდათს და თავრიზს. თავრიზიდან შინ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ კვლავ თვისი ფანტასტიკური მოგზაურობა განაგრძო…
სამწუხაროდ, ჩახრუხაძის მოგზაურობის ამბებს მხოლოდ მისი “თამარიანის” წყალობით ვგებულობთ, არადა, მას უთუოდ ექნებოდა თავისი ოდისეის ჩანაწერები, გეოგრაფიული აღწერილობა-დახასიათება, ხალხთა ეთნოგრაფიული დაკვირვებები, მათი ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალები, რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეა თუ ისე, ჩახრუხაძე არა მხოლოდ ქართული პოეზიის ერთ-ერთი მშვენებაა, არამედ დიდი მოგზაურიც, რომლის ჩანაწერებიც, ვინ იცის, იქნებ რომელიმე ქვეყნის მუზეუმის საცავში მტვერწაყრილი ინახება.